კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2018“ წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს, ემსახურება პროფესიონალიზმის ხელშეწყობასა და ეთიკის ნორმების დამკვიდრებას ქართულ ჟურნალისტიკაში.

ქვემოთ ჩამოთვლილი საპრიზო კატეგორიებიდან კონკურსანტმა უნდა შეარჩიოს მხოლოდ ერთი კატეგორია და  წარმოადგინოს მხოლოდ ერთი ნაშრომი.

საპრიზო კატეგორიებია:

ა. სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

ბ. სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;

გ. საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

დ. ბლოგი/თვალსაზრისი/სვეტი ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

ე. ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;

ვ. დოკუმენტური ფოტო, რომელიც ევროკავშირის ფასეულობებს (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანის ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახავს და გამოქვეყნებულია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;

ზ. კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი სამხედრო კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას, ეყრდნობა ჟურნალისტური ეთიკისა და პროფესიონალიზმის მაღალ სტანდარტებს (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

1. თითოეულ კატეგორიაში მხოლოდ ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. პრიზები შემდეგნაირად გადანაწილდება: 
(ა), (ბ), (გ), (დ), (ე), (ვ) კატეგორიებში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს 1,250 ევროს ოდენობით;

(ზ) კატეგორიაში გამარჯვებული გაივლის ერთთვიან სტაჟირებას ომისა და მშვიდობის ინსტიტუტის ლონდონის ოფისში;

2. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 15 ოქტომბერი;

3. მიიღება მხოლოდ ის საკონკურსო ნამუშევრები, რომლებიც პირველად გამოქვეყნდა, ეთერში გადაიცა ან ინტერნეტში განთავსდა 2017 წლის 2 ნოემბრიდან 2018 წლის 15 ოქტომბრის ჩათვლით;

4. კონკურსში დაიშვება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე გამოქვეყნებული, ეთერში გასული ან ინტერნეტით გავრცელებული ნამუშევრები; სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად საკონკურსო ნამუშევრების წარმოდგენა შესაძლებელია აგრეთვე ოსურ და აფხაზურ ენებზე;

5. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია მხოლოდ განაცხადის ფორმის სრულად შევსებისა და თანმდევი მასალების წარმოდგენის საფუძველზე. განაცხადის ფორმა და  მისი შეტანის წესები განთავსებულია კონკურსის ვებ-გვერდზე: www.euprizejournalism.eu;

6. კონკურსის მონაწილებს მხოლოდ საკუთარი ნამუშევრების წარდგენა შეუძლიათ;

7. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ  საქართველოს  საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და  რომლებსაც  2018 წლის 15 ოქტომბრისათვის შეუსრულდათ 18 წელი;

8. კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის ჩათვლით) 2016  და 2017 წლების გამარჯვებულებს არ აქვთ კონკურსში მონაწილეობის უფლება;

9. გუნდური საკონკურსო ნამუშევრის წარდგენის შემთხვევაში, განაცხადის ფორმაში ყველა თანაავტორის სახელის და გვარის მითითება სავალდებულოა. თანაავტორების რაოდენობა არ უნდა აჭარბებდეს სამს; გუნდის გამარჯვების შემთხვევაში ერთიანი გუნდი მიიღებს ფულად ჯილდოს 1,250 ევროს ოდენობით.ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სამშვიდობო ჟურნალისტიკის სპეციალური პრიზის მოსაპოვებლად მიიღება მხოლოდ ინდივიდუალური განაცხადები;

10. ევროკავშირი იტოვებს უფლებას ნაწილობრივ ან მთლიანად გამოაქვეყნოს კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში“ საკონკურსო ნამუშევრები კონკურსის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სხვა ღონისძიებების პოპულარიზებისთვის;

11. საკონკურსო ნამუშევრების წარდგენით, კონკურსის მონაწილეები ეთანხმებიან კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” წესებს, პირობებს და პროცედურებს;

12. ნამუშევრები შემდეგი კრიტერიუმებით შეფასდება:

(ა), (ბ), (გ), (დ), (ე), კატეგორიებში კრიტერიუმებია: ფაქტების სიზუსტე, სიღრმისეული ანალიზი, ფოკუსში მოქცევა; სამართლიანობა და ბალანსი; შემოქმედებითობა და სტილი; გავლენა/შედეგი;

(ვ) კატეგორიის კრიტერიუმებია: შემოქმედებითობა და გამომსახველობა; გავლენა/შედეგი; ევროკავშირის ფასეულობების (ადამიანის უფლებები, მათ შორის უმცირესობათა უფლებები, სოციალური სამართლიანობა, ადამიანური ღირსების პატივისცემა, სიტყვის თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა და კანონის უზენაესობა) ასახვა;

(ზ) კატეგორიის კრიტერიუმებია: მიუკერძოებლობა; მედიაში ნდობის,  მშვიდობისა და დიალოგის მხარდაჭერა; კონფლიქტების გაშუქებისას ეთიკური და პროფესიული სტანდარტების გამოყენება; მნიშვნელობა და გავლენა/შედეგი.

13. გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება 2018 წლის ბოლოს გამართულ საზეიმო ცერემონიაზე, რომლის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ვებ-გვერდზე www.euprizejournalism.eu;

14. კონკურსის ჟიურის ექნება საკონსულტაციო ფუნქცია და მის შემადგენლობაში შევლენ მედიის სფეროს ქართველი და ევროპელი პროფესიონალები. ჟიურის წევრები თავიანთ მოსაზრებებს  წარუდგენენ საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობასა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომლებიც მხედველობაში მიიღებენ ჟიურის მოსაზრებებს კონკურსში გამარჯვებულების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. ეს  გადაწყვეტილებები  იქნება საბოლოო და გასაჩივრებას არ დაექვემდებარება;

15. კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებენ მასში ჩართული ჟიურის წევრები, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის და ევროკავშირის საინფორმაციო პროექტის „ევროკავშირი საქართველოსთვის“ თანამშრომლები;