sofo afciauri.jpg

სოფო აფციაური, თანაავტორი თათია ხალიანი

საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში

“შრომა გადარჩენისთვის“ (www.liberali.ge), ეს არის “ლიბერალის” ორი ავტორის ორნაწილიანი რეპორტაჟი იმ ადამიანების შესახებ, ვისაც  ჭიათურაში, ზესტაფონში, ტყიბულსა და ბოლნისში საკუთარი თავისა და ოჯახის გადასარჩენად  უმძიმესი შრომა უწევს. თათია ხალიანი და სოფო აფციაური მკითხველს უყვებიან  მაღაროელებისა და მუშების ყოველდღიურ ყოფაზე, მათ პრობლემებსა და სამუშაო პირობებზე.  რეპორტაჟის თითეულ გმირს საკუთარი ისტორია აქვს. სწორედ ამ ისტორიების დახმარებით  ახერხებენ ავტორები, თვალსაჩინოდ და ზუსტად აღწერონ მათი ცხოვრება-  მაღაროელები და  მუშები, რომლებიც ქვეყანაში ყველაზე ძვირდღირებულ პროდუქტს აწარმოებენ, თუმცა ამის  მიუხედავად, დღემდე სიღარიბესა და გაჭირვებას ებრძვიან.

ნამუშევარს ავსებს ერთ-ერთი ავტორის, სოფო აფციაურის ფოტოებიც, რომელიც ჟიურიმ  მრავალმხრივობას, სიღრმისეულობასა და თხრობის მოქნილ სტილთან ერთად თათია ხალიანისა  და სოფო აფციაურის რეპორტაჟის ერთ-ერთ მთავარ ღირსებად მიიჩნია.


Nana Biganishvili .jpg

ნანა ბიგანიშვილი 

საუკეთესო ტელე და რადიო რეპორტაჟი
სატელევიზიო გამოძიებისთვის „ვაკის პარკის დასაცავად“ (სტუდია მონიტორი)

სტუდია “მონიტორის” გამომძიებელი ჟურნალისტი ნანა ბიგანიშვილი, ფილმით “ვაკის პარკის დასაცავად”, კიდევ ერთხელ ადასტურებს ჟურნალისტიკის ამ მიმართულების აუცილებლობასა და საჭიროებას. განსაკუთრებით საქართველოში, სადაც საზოგადოება ხშირად განიცდის მედიის მხრიდან უტყუარი ინფორმაციისა და სიღრმისეული ნამუშევრების ნაკლებობას.

“ვაკის პარკის დასაცავად” ერთი მხრივ, სრულად ასრულებს მედიის მოვალეობას, იყოს მუდმივი მაკონტროლებელი და საზოგადოებას მიაწოდოს მისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, მეორე მხრივ კი ნათლად გვიჩვენებს, რომ საზოგადოებისთვის გადამწყვეტი ბრძოლის ხაზი,  ხშირად სწორედ  ვაკის პარკის მსგავს თემებზე გადის. 


559e7260304ce.jpg

ლაშა ბუღაძე 

საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის გვერდი

„გახდით ლისისტრატეები“ (რადიო თავისუფლების ბლოგი)

მწერალი ლაშა ბუღაძე, “რადიო თავისუფლების” ტრადიციულ ბლოგზე, ათენელი ქალის, ლისისტრატეს, მაგალითზე მოუთხრობს მკითხველს ქვეყანაში ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობაზე, მის მიზეზებზე, საზოგადოების გულგრილობაზე, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალთა ჩართულობის მნიშვნელობაზე, იმ გარდაუვალ ეტაპზე, “როცა ჩაგრული არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს მარტო დესპოტის პირისპირ” და თვითონ ქალებზე, რომლებიც ერთ დღეს აუცილებლად გახდებიან ლისისტრატეები.

ეს არ არის უბრალოდ პოსტი ქალთა მიმართ ძალადობაზე, ან პოსტი ამ ძალადობის შეჩერების აცილებლობაზე, ეს არის პოსტი ყველა ქალზე, რომელშიც არისტოფანეს ლისისტრატე ცხოვრობს. ათენელი ლისისტრატე, რომლის წყალობითაც ძველ ათენში ბრძენმა ქალებმა ნანატრი მშვიდობა მოიპოვეს და თანამედროვე ლისისტრატე, რომელმაც “შეიძლება დიდხანს ითმინოს, მაგრამ ერთ დღეს აუცილებლად ამოიღებს ხმას”.


kaxeti.jpg

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

ყველაზე ინფორმატიული ონლაინ  გაზეთი ან საინფორმაციო 

ახალი მედია, უკვე დიდი ხანია, აღარ არის ახალი, თუმცა დღემდე მაინც ეთიკური ჟურნალისტიკისთვის ახალ გამოწვევად მიიჩნევა. ამის მიზეზი, ალბათ, მისი მუდმივად განახლებადი და თითქმის უსასრულო შესაძლებლობებია.

 კახეთის საინფორმაციო ცენტრმა შეძლო, თანამედროვე, მაღალი ინტერნეტკონკურენციის პირობებში, შეზღუდული ფინანსური რესურსით, შეექმნა და განევითარებინა ვებგვერდი, რომელიც საკუთარ პროფესიულ და ეთიკურ სტანდარტებს უთანაბრებს ტრადიციული მედიის მოთხოვნებს; გამოირჩევა აქტუალური თემებით, ორიგინალური და ექსკლუზიური მასალებით და რომელიც არაერთხელ გამხდარა მასზე გაცილებით მსხვილი  მედიასაშუალებებისთვის ინფორმაციის წყარო. 


goga aft.JPG.jpg

გოგა აფციაური

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში

„სარაევოდან წამოყოლილი ტკივილი და იმედი“ (მედია.ჯი).

ჟურნალისტი გოგა აფციაური მკითხველს ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოგზაურობის შესახებ მოუთხრობს, უზიარებს საკუთარ შთაბეჭდილებასაც და იმ ადამიანების ტკივილსაც, რომელიც მას, როგორც კონფლიქტის ზონაში წლების განმავლობაში მომუშავე ჟურნალისტს, მისთვის ძალიან ნაცნობ ტკივილს ახსენებს.
 
გოგას ნამუშევარი უპირველესად, გვაფიქრებს იმაზე, თუ როგორ ჰგავს ერთმანეთს ყველა ომი, ისევე, როგორც ომის შვილები ჰგვანან ერთამენთს; რამდენი საერთო შეიძლება იპოვონ კონფლიქტის სხვადასხვა მხარეს მყოფმა ადამიანებმა მაშინაც კი, როდესაც მათ პირობითი საზღვრები ჰყოფთ ერთმანეთისგან…

 და ამავე დროს კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ საზღვრები მართლაც ძალიან პირობითი რამაა ადამიანურ სიყვარულთან, მეგობრობასთან და იმედთან შედარებით.