IMG_5788 copy.jpg

მარიამ ოთარაშვილი 

საუკეთესო საგამომძიებლო სტატია ან ნარკვევი ბეჭდვით ან ონლაინ მედიაში

ომის შემდეგ პირველი რეპორტაჟი ცხინვალიდან (რეზონანსი)

 აგვისტოს ომის შემდეგ განსაკუთრებულად მაღალია საზოგადოებრივი ინტერესი საკითხზე, როგორია ქალაქი ცხინვალი, როგორ და რითი საზრდოობენ ამ ქალაქის მცხოვრებნი, როგორ გამოუყურება თავად ქალაქი და რა შეიცვალა მასში ომის შემდეგ. ჟურნალისტის მცდელობა, ეს სურათი დაანახოს საზოგადოებას უმნიშნელოვანესია, შრომა და გაბედულება კი, რომელიც მის მომზადებას სჭირდებოდა, განსაკუთრებით დასაფასებელი. 

და რაც მთავარია, ავტორი ახერხებს საკუთარი სუბიექტური მოსაზრებებისა და შთაბეჭდილებების გარეშე დაანახოს მკითხველს სურათი, რომელიც მას ცხინვალში დახვდა, აღწეროს იქაური ვითარება ობიექტურად და მიუკერძოებლად. 

სწორედ ამ ფაქტორების გამო შეიძლება გამოვარჩიოთ მარი ოთარაშვილის ნამუშევარი.


IMG_5601 copy 2.jpg

გიორგი მგელაძე

საუკეთესო ტელე და რადიო რეპორტაჟი

"აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში" (სტუდია მონიტორი)

ჟურნალისტური გამოძიება ის პროდუქტია, რომლის ნაკლებობასაც დღეს ქართული მედია განიცდის.  ჟურნალისტური გამოძიების საჭიროება და აუცილებლობა განსაკუთრებით თვალსაჩინო ხდება მაშინ, როდესაც ისეთ ფაქტებთან გვაქვს საქმე, როგორიც გიორგი მგელაძის ფილმშია წარმოდგენილი.

“აგენტი პროვოკატორი ხელისუფლების სამსახურში” სრულიად პასუხობს და შეესაბამება იმ ფუნქციასა და მოვალეობას, რომელიც ჟურნალისტიკას საზოგადოების წინაშე აკისრია: იყოს მაკონტროლებელი, თვალი არ დახუჭოს კანონის დარღვევაზე, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ფაქტებზე დაყრდნობით და ძალ-ღონე არ დაიშუროს იმისთვის, რომ საზოგადოებისთვის მიწოდებული ყველა ფაქტი იყო გადამოწმებული და გამყარებული მტკიცებულებებით, გამოთქმული მოსაზრებები კი  -  გამყარებული თავად ფაქტებით.

გარდა იმისა, რომ ნამუშევარი, სწორედ ამ პრინციპების მიხედვითაა მომზადებული, ფილმში დრამატურგიულად კარგად არის წარმოდგენილი ისტორია, ფაქტები, დოკუმენტები. ყოველი ახალი ინფორმაციის ან გმირის გამოჩენა კიდევ უფრო აძლიერებს მაყურებელის მოლოდინსა და  ინტერესს.

და რაც განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, გიორგი მგელაძის “აგენტი პროვოკატორი” კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართული ჟურნალისტიკის დღევანდელი დღე წარმოუდგენელი და დაუშვებელია საგამოძიებო ჟურნალისტიკის გარეშე. 


IMG_5765 copy.jpg

გიორგი კიკონიშვილი

საუკეთესო ვებგვერდი/ბლოგი/სოციალური ქსელის პროფილი

"ადამიანი, შე ჩემა"

“საკმარისია თავში კაპიტულაციის აზრმა გამიელვოს, რომ იმ წამსვე მესმის შაკოს მიერ თსუ–ს უკან, ტყეში, ლუდის სმისას აღტაცებით წამოძახილი სიტყვები: „ადამიანი, შეჩემა!“ “ - ეს არის ფრაგმენტი გიორგი კიკონიშვილის ჟურნალ “ლიბერალზე” გამოქვეყნებული ბლოგიდან, რომელიც კიდევ ერთხელ ახსენებს მკითხველს მთავარ ღირებულებას - ადამიანს.

ავტორი საკუთარ მაგალითზე აცნობს მკითხველს თავის დამოკიდებულებასა და მოსაზრებას ადამიანის უფლებების შესახებ, იმ საფრთხეს, როგორ შეიძლება ძალაუფლებამ და კომპრომისმა ღირებულებების წინაშე შეცვალოს ადამიანი.  ავტორი ცდილობს დააფიქროს მკითხველი ისეთ თემებზე, რომელიც პოსტსაბჭოთა საზოგადოების მძიმე და დატვირთულ ყოველდღიურობაში ძალიან ხშირად ყურადღების მიღმა გვრჩება; ცდილობს, ამით თავისი წვლილი შეიტანოს  ჰუმანური საზოგადოების ჩამოყალიბებაში, საზოგადოებისა, რომელშიც კაპიტულაცია ცხოვრების სიძნელეების წინაშე არ უნდა ხდებოდეს მთავარი ღირებულების, ადამიანის ხარჯზე. 


Nestan Tsetskhladze.jpg

www.netgazeti.com

ყველაზე ინფორმატიული საინფორმაციო სააგენტო ან ონლაინ გაზეთი

საქართველოში ინტერნეტის ხელმისაწვდომობასთან ერთად ძალიან სწრაფად იზრდება ვებპორტალებისა და საინფორმაციო სააგენტოების რიცხვი, თუმცა ამ რიცხვის ზრდასთან ერთად იზრდება მოთხოვნაც პროდუქტის ხარისხზე. ინფორმაციის მხოლოდ სწრაფად და ოპერატიულად გაზიარება აღარ არის საკმარისი და ხარისხის მაჩვენებელი. ონლაინ მედიას ისეთივე პროფესიული და ეთიკური მოთხოვნების დაკმაყოფილება უწევს, როგორც ტრადიციულს.

ამ მხრივ ონლაინ პორტალი “ნეტგაზეთი” მართლაც გამორჩეულია. მისი შემოქმედებითი ჯგუფი ახერხებს იყოს ოპერატიულიც და ამავდროულად  - მიუკერძოებელიც; მიაწოდოს საზოგადოებას ყოველდღიური ინფორმაცია და ამავე დროს არ მოაკლოს ყურადღება მნიშვნელოვანი ამბების ანალიტიკურ, სიღრმისეულ გაშუქებას ან ახალი თემების წამოწევას; საინტერესოდ და მიმზიდველად მოამზადოს სტატია თუ მოკლე ინფორმაციული შენიშვნა და ამავდროულად დაიცვას პროფესიული და ეთიკური სტანდარტები. 


IMG_5780 copy.jpg

ოლესია ვართანიანს

სპეციალური პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში გადაეცა

‘იმედი აძლებინებს ნათესავებს’ (რადიო თავისუფლება/ეხო კავკაზა)

კონფლიქტებში მედია ხშირად თამაშობს არასასურველ როლს, მაშინ როდესაც, შეუძლია, საზოგადოებაზე ზემოქმედების მძლავრი ბერკეტი, რომლის მართვასაც იმავდროულად უდიდესი პასუხისმგებლობა სჭირდება, სასიკეთოდ გამოყენოს. ყველაზე ხშირად, როდესაც მედია კონფლიქტებს აშუქებს, ყურადღების მიღმა რჩება ადამიანები, ის ხალხი, ვის ცხოვრებასაც ეს კონფლიქტები ეხება და ცვლის, ხშირად სამუდამოდ. ადამიანები, რომლებსაც ერთმანეთთან ყველაზე მეტად პირადი ურთიერთობები და ტკივილის გაზიარება აახლოებს, მიუხედავად იმისა, რას აკეთებენ ამ დაახლოებისთვის პოლიტიკოსები. ოლესია ვართანიანის ნამუშევარი, რომელშიც ვერც ზედმეტ შეფასებას იპოვით და ვერც ზედმეტ ფრაზებს, სწორედ ამ ადამიანური ტრაგედიების მაგალითზე გვაჩვენებს ვითარებას, რომელიც აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან 20 წლის შემდეგ გვაქვს; პროცესს, რომელიც აგერ უკვე წლებია მიმდინარეობს, თუმცა უგზოუკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს დღესაც არ აქვთ საკუთარი შვილების საფლავები; გვიყვება მოლაპარაკებებში მიღწეულ შედეგსა და პერსპექტივაზე, რომელიც თითოეული ასეთი ოჯახისთვის გადამწყვეტად შეიძლება იქცეს და კიდევ ერთხელ, გვიჩვენებს მთავარს, იმ საერთო შეხების წერტილებს, რომელიც სხვადასხვა მხარეს მყოფ ადამიანებს კონფლიქტის მიუხედავად დღესაც აერთიანებს და აახლოებს.